* * *

ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანი უდანაშაულად ითვლება ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
დაცვის უფლება გარანტირებულია.

Share on Facebook
 

ქორწინება, განქორწინება

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ოფიციალურად რეგისტრირებული კავშირია და ამ რეგისტრაციის გარეშე პირთა თანაცხვრება ქორწინებად არ ჩაითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში ჯვრისწერისას გაიცემა შესაბამისი მოწმობა, ჯვრისცერა არ წარმოშობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
მომავალმა მეუღლეებმა უნდა დაადასტურონ, რომ არ არსებობს მათი ქორწინების ხელისშემშლელი გარემოებები. მაგალითად, დაუშვებელია ქორწინება ისეთ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი პარტნიორი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება სხვასთან. დაუშვებელია ქორწინება ოჯახის წევრებს ან ნათესავებს შორის და სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებს შორის.
რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით როგორც ერთმანეთის მიმართ, ასევე შვილების მიმართ. დაუშვებელია ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის უფლებების შეზღუდვა და აკრძალვა.
ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მეუღლეებს წარმოეშვებათ ქონებრივი უფლებებიც. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მეღლეთა თანასაკუთრებას და ამ ქონების მართვა და განკარგვა უნდა მოხდეს ურთიერთ შეთანხმებით. თანასაკუთრების უფლება წარმოიშვება მაშინაც, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ეწევა საოჯახო საქმიანობას, უვლის შვილებს და არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი. ქორწინების რეგისტრაციამდე მეუღლეთა პირად საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც მათ მემკვიდრეობით ან ჩუქების ხელშეკრულებით აქვთ მიღებული, შეიძლება გახდეს თანასაკუთრება, თუკი დადგინდება, რომ ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში. ქონებრივი უფლებები და მოვალეობები უფრო კონკრეტულად შეიძლება საქორწილო ხელშეკრულებითაც იქნეს მოწერსრიგებული.

სამწუხაროდ იმატა განქორწინებების რიცხვმაც, რომელიც სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული და ამ თემას მოგვიანებით შევეხები, აქ კი მოკლედ შემოვიფარგლები იმ სამართლებრივი ასპექტების ჩამოთვლით, რომელიც განქორწინების და მისი რეგისტრაციისთვისაა აუცილებელი.
განქორწინება შეიძლება მოხდეს როგორც სასამართლოს, ასევე მეუღლეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის მეშვეობით. სასამართლოში მიმართვა საჭირო არ არის, თუ თქვენ არ გყავთ არასრულწლოვანი შვილები, და არ დავობთ ქონებაზე. მაგრამ თუ თქვენ ამგვარი პრეტენზიები გაგაჩნიათ და ალიმენტის დაკისრებასაც მოითხოვთ, მაშინ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ სასარჩელო წარმოების გზით. განქორწინება დაუშვებელია ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში თუ ცოლი არ განაცხადებს თანხმობას. სასამართლო განხილვისას შეიძლება დაწესდეს შერიგების ვადაც.
თუ ერთ-ერთი მეუღლე მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ სამი წლისა, განქორწინების მსურველ მეუღლეს შეუძლია განცხადებით მიმართოს სამოქალაქო რეესტრს, წარუდგინოს მეუღლის მიმართ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და მოითხოვოს ქორწინების შეწყვეტა.
განქორწინების გადაწყვეტილებასთან ერთად სასამართლომ უნდა განსაზღვროს არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მათ სასარგებლოდ მოთხოვნილი ალიმენტების დაწესების საკითხი. სასამართლომ ასეე უნდა გადაწყვიტოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის საკითხიც. უნდა დადგინდეს რა ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და როგორი ფორმით არის შესაძლებელი ამ ქონების გაყოფა.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ ასევე უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში, რომელიც გასცემს განქორწინების მოწმობას.

© 2010 www.konstantine.ge All Rights Reserved